среда, 15 марта 2023 г.

3 მარტის და 8 მარტის მნიშვნელობა

 3 მარტის მნიშვნელობა

 

1991 წლიდან ყოველი წლის 3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება. ეს თარიღი სიმბოლურად საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დაამკვიდრა. ზოგიერთ ქვეყანაში ქალთა საერთაშორისო დღეს და დედის დღეს ერთად აღნიშნავენ, მაგალითად, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში: სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი... საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელმაც ამ დღის აღნიშვნა დაიწყო.

ჩვენში დედობა ცალკე პროფესია, საქმიანობაა და რაც მთავარია საზოგადოებრივ-სახელმწიფოებრივი საქმიანობა, დედას შვილის მოვლა-პატრონობასთან ერთად აღმზრდელობითი ფუნქციაც აკისრია. ბავშვის ღირებულებითი სისტემის ჩამოყალიბებასა თუ მსოფლმხედველობრივ განვითარებაში დედის როლი მნიშვნელოვანია, თუმცა არა გადამწყვეტი. დედები გვაჩვენებენ სამყაროს ზოგჯერ ისეთს, როგორიც ის სინამდვილეშია, ზოგჯერ ვარდისფერ სათვალეშიც. ხშირად თავადაც პესიმისტურად არიან განწყობილი, უიმედობასა და სისუსტეს განიცდიან, თუმცა ჩვენ ყოველთვის გვაძლევენ იმედს.

ჩვენი პატარა წარმატებისგან ოცნების კოშკებს ქმნიან, გვეუბნებიან, რომ უფრო მეტსაც შევძლებთ, არასდროს ფიქრობენ ცუდზე, როცა საქმე ჩვენს კარიერას ეხება და პროფესიულ განვითარებას. ჩვენი მთავარი მოტივატორები დედები არიან ისინი გვაყვარებენ სამყაროს, ქვეყანას, ოჯახს, მეგობრებს, საზოგადოებას, თუმცა პირიქითაც ხდება.

დედის განწყობა, პიროვნული განვითარება, ფსიქო-სოციალური მდგომარეობა, ხშირად ჩვენი ცხოვრების ხარისხს, ფსიქოლოგიურ პორტრეტს განსაზღვრავს. დედა, რომელსაც შეუძლია ჯანსაღი ღირებულებით აღზარდოს შვილი სამართლიან, თავისუფალ, პატიოსან, კეთილ, ემპათიურ მოქალაქედ აქციოს, მხოლოდ კარგი მშობელი კი არა კარგი მასწავლებელი და მოქალაქეა. სწორედ ამიტომ დედებს დაფასება და პატივისცემა სჭირდებათ, არა მხოლოდ შვილებისა და ოჯახისგან. პირველ რიგში, საზოგადოებისა და სახელმწიფოსგან, 3 მარტი სწორედ ამ პატივისცემის გამოხატულებაა, თუმცა არა საკმარისი. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ყოველი მესამე ქალი ძალადობის მსხვერპლია, ქალები ოჯახის მთავარი მარჩენალები და შემომტანები არიან ამ მიზეზით უმრავ ქალს უწევს საკუთარი ოჯახისგან შორს ყოფნა სოციალური მიზეზებით, ისინი მოწყვეტილნი არიან აღმზრდელობით პროცესში ჩართვას. რამდენიმე ხნის წინ თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე გაჩნდა წარწერა ,,დედაჩემი კვირაში 60 საათს მუშაობს!’’. დედებს ურთულეს გარემოში უწევთ შვილების აღზრდა, უამრავი გამოწვევისა და იმედგაცრუების მიუხედავად, მაინც იმედიანად უყურებენ შვილების მომავალს, ხშირად იმაზე მეტ ძალასა თუ ენერგიას გასცემენ, ვიდრე შეუძლიათ. ისინი ნააკლებად ფიქრობენ დაფასებაზე, თუმცა წუხან, როცა მარტო გრძნობენ თავს. სამწუხაროდ, ასეთი დღეები მათ ცხოვრებაში ძალიან ბევრია, რადგან ჩვენი ქვეყანა ნაკლებად აფასებს დედებს, რომლებსაც თხოვენ, რომ გმირები აღზარდონ.

3 მარტი მართლაც მნიშვნელოვანი თარიღია სიმბოლური და გამომხატველი, და მაინც არასაკმარისი, სახელმწიფომ მინიმუმ ის მაინც უნდა შეძლოს, რომ ქალებს მათ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს შრომითი კანომდებლობა მოარგოს და ღირსეული პირობები



 8 მარტის მნიშვნელობა

  •  

 

 

  •  

ნახატის ავტორი: ზურაბ გიკაშვილი

დღეს 8 მარტია, ქალთა საერთაშორისო სოლიდარობის დღე.

ამ დღის აღნიშვნა დაკავშირებული იყო ქალების სოციალურ და ეკონომიკური ჩაგვრისგან გათავისუფლებისა და პოლიტიკაში თანასწორ სუბიექტებად ჩართვის იდეასთან. დღეს 8 მარტის აღნიშვნიდან 100 წლის თავზე კი ქალთა გათავისუფლების აღმნიშვნელი ეს დღე რომანტიზებული, დეპოლიტიზებული და კომერციალიზებული დღის წესრიგით წარმოგვიდგება. მას გამოეცალა მისი მთავარი პოლიტიკური იდეა - ქალთა გათავისუფლება ისტორიულად განსაზღვრული პატრიარქატული წესრიგისგან, რომელიც ქალთა დაქვემდებარებაზე და კონტროლზე დგას.

100 წლის შემდეგაც, ქალები კვლავ სტრუქტურული ჩაგვრის, ძალადობისა და მათი სხეულების კონტროლის ქვეშ იმყოფებიან. ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობა კი ნორმალიზებული და აღუკვეთავია. აღნიშნულის დასტურია, როგორც საქართველოში გავრცელებული გენდერულად განსაზღვრული ქალთა მკვლელობები, ისე არსებული გაუპატიურების კულტურა, რომელიც კვლავ პასუხგაუცემელი რჩება სახელმწიფოს მხრიდან პრობლემის არასათანადო აღიარებისა და მსხვერპლთა დადანაშაულების საზოგადოებაში გავრცელებული წარმოდგენების გამო.

ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებული დღის წესრიგი არამხოლოდ ფარავს ქალთა მიმართ ძალადობის სისტემურ ბუნებას, არამედ აუჩინარებს მის სტრუქტურულ მიზეზებსაც. აღნიშნული მიდგომა ცდილობს ქალთა ჩაგვრა ინდივიდუალიზებულ ძალადობად წარმოგვიდგინოს, და ის მეტწილად კულტურულ კატეგორიებში მოათავსოს, სადაც გამორიცხულია კლასობრივი და ქალთა ისტორიული დაქვემდებარების განზომილებები. ქალთა მიმართ ძალადობის მხოლოდ ანტიდისკრიმინაციული პერსპექტივიდან გააზრების გაბატონებულ მიდგომას არ შეუძლია სრულად ახსნას და დაუპირისპირდეს ქალთა ჩაგვრის მრავალშრიან და უმძიმეს რეალობას.

ქალთა ჩაგვრას აქვს თანადროულად ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური განზომილება და ამ ძალაუფლების თანადროული მხილებისა და მათი რადიკალური ტრანსფორმაციის გარეშე შეუძლებელია ჩვენი გათავისუფლება. ძალადობის, შევიწროებისა და სექსისტური პრაქტიკის მიღმა, ქალებს დღეს ჩაგრავს სიღარიბე, არსებული ეკონომიკური სისტემა, რომელიც მათ ხშირად მიგრაციისა და ექსპლოატაციის მძიმე გამოცდილების წინაშე აყენებს, სოციალური დაცვის და ზრუნვის ეფექტიანი სახელმწიფო სისტემების არსებობა, შინ შრომის და ემოციური ხარჯვის მძიმე და შეუმსუბუქებელი ტვირთი, სუსტი და განკერძოებული ჯანდაცვის სისტემა, დაბინძურებული გარემო და მასთან დაკავშირებული სოციალური დანაკლისი, რომელსაც ყველაზე ხშირად სწორედ ქალთა შრომა აკომპენსირებს. კიდევ უფრო რთულია პერიფერიებში სოფლად, მაღალმთიან რეგიონებში და არადომინანტურ ეთნიკურ და რელიგიური თემებში მცხოვრები ქალების ყოფა, რომელთა ხმის გაგონება და გათვალისწინება კიდევ უფრო რთულდება. ძალაუფლების ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული სისტემები ურთიერთშეზრდილია და ერთმანეთს აძლიერებს. სწორედ ამიტომ, ქალთა ჩაგვრისგან გათავისუფლება, მხოლოდ მისი სტრუქტურული მიზეზების გააზრებითა და მათთან თანადროული დაპირსპირებით არის შესაძლებელი.

დღეს ჩვენ გვჭირდება სოლიდარობის კოლექტიური იდეა ისეთი თანასწორობისთვის, რომელიც ქალთა ჩაგვრას და პატრიარქატული სისტემის დაძლევას სოციალური სამართლიანობისთვის ბრძოლის განუყოფელ ნაწილად დაინახავს. თანასწორობისკენ და სოციალური სამართლიანობისკენ მიმართული ყველა პროექტი და მცდელობა მხოლოდ ილუზია იქნება, თუ ის ასევე არ დაისახავს მიზნად საზოგადოების გათავისუფლებას ქალთა ჩაგვრის პრაქტიკისგან და კულტურისგან. .

Комментариев нет:

Отправить комментарий