ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება ასაკისა და განვითარების შესაბამისად
TUESDAY, NOVEMBER 21, 2017
მაიკო ჯავახიშვილი ნეიროფსიქოლოგი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა მაგისტრი,
სპეციალური განათლების მაგისტრი (ნორვეგია, ოსლოს უნივერსიტეტი)
ციფრული ტექნოლოგიები თანამედროვე ცხოვრების და ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად მატულობს მათი მოხმარების სიხშირე და მასშტაბები. შესაბამისად, სულ უფრო აქტუალური ხდება საკითხი, რამდენად საზიანო, ან სასარგებლოა მათი გამოყენება ბავშვთა ასაკში. ციფრულ ტექნოლოგიებში ვგულისხმოთ სხვადასხვა ზომისა და ფუნქციის მქონე ეკრანიან ელექტრომოწყობილობას, როგორიცაა ტელევიზორი, კომპიუტერი, მობილური ტელეფონი, პლანშეტი და სხვა.
ჩატარებული კვლევები გვამცნობს, რომ ბავშვების მიერ ეკრანებთან გატარებული დრო ბოლო წლებში გასამმაგებულია და დღეში 6 საათსაც კი აღწევს. 2016 წლის მონაცემებით, ბავშვების 92%-ს აქვს გამოყენებული მობილური მოწყობილობა 1 წლამდე ასაკში. ბევრი მშობელი თვლის, რომ 21-ე საუკუნეში სხვადასხვა ტექნიკის გამოყენება გარდაუვალი და აუცილებელია ბავშვის მომავალი წარმატებისათვის. თუმცა, სულ უფრო მეტი კვლევა და მონაცემი ადასტურებს ტექნიკის გამოყენების დრამატულ შედეგებს ბავშვების განვითარებაზე და ხაზს უსვამს ეკრანების ასაკის შესაბამისად გამოყენების მნიშვნელობას.
როდის უნდა დავიწყოთ ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება?
რას გვეუბნება მეცნიერული კვლევის შედეგები, როდის და რა სიხშირით არის ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება მისაღები, უსაფრთხო, ან სასარგებლო? ამერიკის პედიატრთა ასოციაცია გვირჩევს, რომ 0-18თვემდეასაკისბავშვებში საერთოდ არ გამოვიყენოთ ციფრული ტექნოლოგია. ხოლო 18 თვიდან მხოლოდ მკაცრად განსაზღვრული და შეზღუდული დროით. ერთადერთი „სარგებელი“ რაც ეკრანმა შეიძლება მოგვცეს, არის ბავშვის დროებით გაჩუმება და გაჩერება, რაც იმდენად აქტუალური გახდა 21-ე საუკუნეში მცხოვრები მშობლებისთვის, რომ 2 წლამდე ბავშვებში ეკრანების გამოყენების სტატისტიკა წლიდან წლამდე მატულობს. გარდა იმისა, რომ მობილური ტელეფონის/პლანშეტის/ტელევიზორის და ა.შ. გამოყენებას ამ ასაკში არანაირი რეალური სარგებელი არ აქვს, ის საზიანო შეიძლება გახდეს ბავშვის განვითარებადი თავის ტვინისათვის.
მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, რომ ეკრანის ყურებაში არ იგულისხმება მხოლოდ მის წინ ჯდომა. არსებობს პასიური მოსმენა, როდესაც ტელევიზორი, ან კომპიუტერი ჩართულია ბავშვის გარემოცვაში; სივრცეში სადაც ის თამაშობს, ჭამს, ან იძინებს. ბევრ ოჯახში ოჯახის წევრივით მიღებულია საათობით ჩართული ტელეეკრანი, როგორც მოსაუბრე, სიჩუმის შემავსებელი. ეს აფერხებს 2 წლამდე ასაკის ბავშვის მეტყველების განვითარებას. 2 წლის ზემოთ კი ქმნის რისკს ბავშვმა მოისმინოს ისეთი ინფორმაცია, რაც ასაკისთვის შეუსაბამოა.
ერთადერთი, რაც დასაშვებია 18 თვემდე ასაკის ბავშვებისთვის, არის ვიდეო-ჩათის (სკაიპი, ვაიბერი და სხვ.) ხანმოკლე გამოყენება, თუკი ეს ოჯახის წევრებთან საურთიერთოდ არის საჭირო.
რატომ არის ბავშვების მიერ ტექნოლოგიების გამოყენება ასე მკაცრად განსაზღვრული?
0-დან 3 წლამდე ასაკი არის ის პერიოდი, როდესაც ადამიანის თავის ტვინი ყველაზე სწრაფად ვითარდება დაშესაბამისად, ყველაზემგრძნობიარეა; ამ კრიტიკულ წლებში ბავშვები ქმნიან მათი მომავალი სოციალური, ინტელექტუალური და ფიზიკური ზრდა-განვითარების საფუძველს. ბავშვის თავის ტვინივითარდებაგარემოსთანაქტიურიკონტაქტით, ადამიანებთანურთიერთობით. ეკრანთან გატარებული დრო ხელოვნურად აფერხებს და ზღუდავს ბავშვის ნორმალურ ფსიქიკურ განვითარებას, რადგან ეკრანთან ჯდომა ნიშნავს ნაკლებ მოძრაობას/ფიზიკურ აქტივობას, ნაკლებ თამაშს, ნაკლებ რეალურ ურთიერთობებს ადამიანებთან, ნაკლებ მეტყველებას, ნაკლებ გამოცდილებას და შეხებას გარესამყაროსთან. შედეგად, ასეთ ბავშვებს ძალინ ხშირ შემთხვევაში უჭირთ მეტყველება, კომუნიკაცია, თამაში.
ქვემოთ ჩამოთვლილია ის უარყოფოთი შედეგები, რაც შეიძლება გამოიწვიოს მოწყობილობების უკონტროლო გამოყენებამ:
- მეტყველების შეფერხება
- ფსიქიკური განვითარების შეფერხება
- ყურადღების დეფიციტი
- სწავლის პრობლემები
- ჯანმრთელობის პრობლემები (ჭარბი წონა, დიაბეტი, მხედველობისა (მიოპია) და ხერხემლის (სქოლიოზი) პრობლემები
- ძილის პრობლემები
- ქცევის პრობლემები (ტანტრუმები/ისტერიკა/აგრესია)
- ემოციური პრობლემები (შფოთვა, დეპრესია)
ეს ჩამონათვალი არ ნიშნავს, რომ ტექნოლოგიების გამოყენება საერთოდ უნდა აიკრძალოს ბავშვებისთვის. პირიქით, აქცენტი იმაზე კეთდება, რომ მშობლებმა კარგად გაიაზრონ დაკავშირებული საფრთხეები და ასწავლონ ბავშვებს მოწყობილობების სწორად, ჯანსაღად გამოყენება.
რა სიხშირით გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ბავშვებთან?
2-დან 5 წლამდე ასაკში დასაშვებია ეკრანის გამოყენება დღეში მხოლოდ 1 საათით. სასურველია, ეს დრო დაიყოს მცირე, მაგალითად 15 წუთიან მონაკვეთებად და ბავშვი 1 საათი გადაბმულად არ იჯდეს ეკრანთან. მნიშვნელოვანი პირობაა, პროგრამა იყოს ხარისხიანი, შემეცნებითი, ინტერაქციული, არ შეიცავდეს ძალადობას. მშობლის მონაწილეობა ამ პერიოდში კრიტიკულია. უახლესი დაკვირვებები და კვლევები ადასტურებს, რომ უფროსის ჩართულობა აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ ვიდეო-თამაშები გახდეს მართლაც შემეცნებითი. ერთად ყურების, ან თამაშის დროს მშობელმა უნდა გაახმოვანოს, აუხსნას და რეალურ ცხოვრებასთან დააკავშიროს ის, რაც ეკრანზე ხდება. სწორედ ასეთი ერთობლივი აქტივობით შეიძლება ტექნოლოგიების გამოყენება გახდეს ბავშვის განვითარებისათვის სასარგებლო.
ქვემოთ წარმოდგენილი ცხრილი გვიჩვენებს რა ასაკში რა ტიპის და რა დროით არის დასაშვები სხვადასხვა ციფრული ტექნოლოგიის/პროგრამის გამოყენება.
როგორც ცხრილიდან ჩანს, დროის შეზღუდვა არა მარტო ჩვილ და სკოლამდელი ასაკის ბავშვებზე ვრცელდება, არამედ სხვადასხვა საფეხურის სასკოლო ასაკის მომხმარებლებზეც. მნიშვნელოვანია უზრუნველყოთ ბალანსი ეკრანთან გატარებულ დროსა და სხვა დანარჩენ აქტივობებს შორის მათი ჯანმრთელობის, უსაფრთხოების და ბედნიერებისთვის.
ონლაინ და ვიდეო თამაშების ტიპებია: სროლები, სათავგადასავლო, როლური თამაშები, სიმულაციური თამაშები, სტრატეგიული თამაშები, სპორტული, საგანმანთლებლო, სახელოვნებო და ა.შ. საგულისხმოა რომ არსებობს ნეიტრალური ონლაინ და ვიდეო თამაშები და არსებობს ძალადობის შემცველი ონლაინ და ვიდეო თამაშები. კვლევების თანახმად, როგორც ნეიტრალური, ისევე ძალადობის შემცველი ონლაინ და ვიდეო თამაშების დღეში 30 წუთზე მეტი დროით გამოყენება ზრდის აგრესიას როგორც ბავშვებში ასევე ზრდასრულებში (ძალადობის შემცველი თამაშები 2-ჯერ უფრო მეტად ვიდრე ნეიტრალური).
სხვადასხვა მოწყობილების ჭარბი გამოყენებით გამოწვეული საფრთხეები და პრობლემები ასაკის მიხედვით განსხვავებულია:
მცირეწლოვანი ბავშვები:
- დასწავლა - 2 წლამდე ასაკის ბავშვები სწავლობენ არა ვიდეოებიდან, არამედ ცოცხალი ურთიერთობებიდან. დასწავლა, პრობლემის გადაჭრა, ფანტაზია - ეს ყველაფერი ვითარდება თავისუფალი თამაშისას. ეკრანთან გატარებული დრო კი აკლებს ბავშვს ამ შესაძლებლობას.
- ენობრივი უნარები - ეკრანი ანაცვლებს და ამცირებს ბავშვის უფროსებთან ურთიერთობის ხანგრძლივობას; მათ შორის კომუნიკაციას, ლაპარაკს, რაც მეტყველების განვითარებისათვის ასეთი აუცილებელია.
- ემოციური სფეროს განვითარება - ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება ბავშვის გაჩუმების, ან გაჩერების მიზნით (მაგ. ჭამის, ან საყიდლებზე ყოფნის დროს), ხელს უშლის ბავშვებს მოწყენილობის, სტრესის, იმპულსებისა და ემოციების რეგულაციაში, თვით-კონტროლის უნარის ჩამოყალიბებაში.
- მხედველობა - ბოლო წლებში ეპიდემიის სახე მიიღო მიოპიამ, იგივე ახლომხედველობამ. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს გამოწვეულია დღის შუქის ნაკლებობით, რაც თვალის ჯანმრთელი განვითარებისათვის არის საჭირო.
- ძილი - კვლევებმა გამოავლინა კავშირი ეკრანის გამოყენებასა და უხარისხო ძილს შორის. მცირეწლოვანი ბავშვების მგრძნობიარე ნერვული სისტემა ადვილად აღიგზნება და გადაიტვირთება, რაც ართულებს მშვიდად ჩაძინებას, ამცირებს ძილის ხანგრძლივობას.
- კვება - როდესაც ბავშვი ჭამს ეკრანის წინ, მთელი მისი კონცენტრაცია გადატანილია გამოსახულებაზე. უჭირს დანაყრების კონტროლი, ჭამს სწრაფად, ან ზედმეტს.
- წონა - მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ რაც უფრო მეტ დროს ატარებს ბავშვი ეკრანთან, მით მეტია ჭარბწონიანობის რისკი მოზარდობაში, განსაკუთრებით, როდესაც ტელევიზორი ბავშვის საძინებელში დგას.
სკოლის ასაკის ბავშვები:
ამ პერიოდში ბავშვები იწყებენ კომპიუტერული თამაშების, სოციალური ქსელების მომხმარებას, ინტერნეტი ხდება მეტად ხელმისაწვდომი.
მოწყობილობებში ინტერნეტის ხელმისაწვდომობას შემოაქვს დამატებითი საფრთხეები:
- დამოკიდებულების ჩამოყალიბება - ეკრანებზე და ინტერნეტზე დამოკიდებულება ბოლო პერიოდში აღიარებული მდგომარეობაა, რომელსაც ელექტრონულ კოკაინსაც უწოდებენ. სახელი გამომდინარეობს აღმოჩენიდან, რომ ეკრანდამოკიდებულება იწვევს ზუსტად ისეთივე ცვლილებებს მოზარდის თავის ტვინში, როგორც კოკაინის, ალკოჰოლის, ან კანაფის გამოყენება. თავის ტვინში იცვლება და ზიანდება ის უბნები, რომლებიც პასუხისმგებელია ემოციებზე, გადაწყვეტილების მიღებაზე და თვით-კონტროლზე.
- ძალადობა და პორნოგრაფია -
8-16 წლის ბავშვების 90 პროცენტს ნანახი აქვს პორნოგრაფიული ფილმები, ან ვიდეოები, რაც ასაკისთვის შეუსაბამო და ფსიქიკისთვის საზიანოა. პუბერტატში მყოფ ადამიანს, რომელიც ჯერ არ არის ჩამოყალიბებული, ექმნება მცდარი წარმოდგენები; თავისუფალი წვდომა ამ ტიპის ინფორმაციაზე გავლენას ახდენს მის ემოციურ სფეროზე, ურთიერთობებზე, სექსუალურ ქცევაზე.
- ჩაგვრა, ზეწოლა, დაცინვა - როგორც ცნობილია, ვირტუალურ სამყაროში უფრო ხშირია ეგრეთ წოდებული ბულინგის, ჩაგვრისა და დაცინვის შემთხვევები. ბავშვი შეიძლება გახდეს როგორც სექსუალური, ისე მორალური ძალადობის მსხვერპლი.
- პირადი ინფორმაციის გაცემა - პირადი ინფორმაციის გაცემა, როგორიცაა საცხოვრებელი ადგილი, სასწავლებელი და ა.შ. კიდევ უფრო ზრდის მსხვერპლის როლში აღმოჩენის ალბათობას.
- უცნობ ადამიანებთან კომუნიკაცია - ვირტუალურ სამყაროში ძალიან ადვილია ისეთი ადამიანის გაცნობა, რომელიც არასდროს უნახავს ბავშვს. შესაბამისად, არავინ იცის, ვინ დგას რეალურად ვირტუალური მეგობრის უკან და რა მიზნით იწყებს ის კომუნიკაციას.
ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების დადებითი მხარეები
მიუხედავად ბევრი საშიში გვერდითი ეფექტისა, ტექნოლოგიების სწორად გამოყენება შეიძლება სასარგებლოდ ვაქციოთ. ამის ნათელი მაგალითია ის, რომ თანამედროვე სამყაროში მოწყობილობები აქტიურად გამოიყენება სწავლების პროცესში. ციფრული ტექნოლოგია იძლევა შემდეგ შესაძლებლობებს:
· სწავლება ხდება არა მხოლოდ საკლასო ოთახში, არამედ ნებისმიერ ადგილას და დროს.
· თქვენს შვილს შეუძლია დაუკავშირდეს მოსწავლეებს/მასწავლებლებს და იმუშაოს მათთან ერთად როგორც სკოლის გარეთ, ისე მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
· ინტერნეტი იძლევა უზარმაზარ სასწავლო რესურსზე წვდომას (ვებ-გვერდები, წიგნები, აპლიკაციები და სხვ.).
· თქვენ და თქვენს ოჯახს შეუძლია უფრო ჩართული და აქტიური იყოს თქვენი შვილის განათლებაში მაგ. საბავშვო ბაღის, სკოლის ფეისბუქ გვერდების, სტუდენტთა ბლოგების საშუალებით.
· ბავშვებს შეუძლიათ მისდიონ თავიანთ ინტერესებს და ნიჭს. მაგ. ისწავლონ სასურველი ენა, მოუსმინონ გიტარის გაკვეთილებს და ა.შ.
რჩევები ოჯახის წევრებს/აღმზრდელებს:
· ნუ მოექცევით გავლენის ქვეშ და ნუ შესთავაზებთ ეკრანებს ნაადრევად თქვენს ბავშვს. ტექნიკა ინტუიციურია და ბავშვები ძალიან ადვილად ითვისებენ მოწყობილობების გამოყენებას.
· თვალყური ადევნეთ ბავშვის მიერ გამოყენებულ მედიას. იცოდეთ რა აპლიკაციებს იყენებს ის. სასურველია, თავადაც მოსინჯოთ, ერთად გამოიყენეთ და ისაუბროთ ამაზე.
· ყოველთვის გამორთეთ ტექნიკა, როდესაც არ იყენებთ მას - ფონური ხმაც კი ხელს უშლის მშობლისა და შვილის ინტერაქციას.
· ძილის, ჭამის და თამაშის პერიოდები გახადეთ ტექნიკისგან თავისუფალი. დააყენეთ სპეციალური რეჟიმი ტელეფონზე, რომ არავინ შეგაწუხოთ დათქმულ დროს. პირობას უნდა მისდიოს უფროსმაც და ბავშვმაც.
· მოერიდეთ ეკრანების გამოყენებას დაძინებამდე 1 საათით ადრე.
· არ გამოიყენოთ ტექნიკა როგორც ბავშვის დაწყნარების ერთადერთი საშუალება. თუკი ბავშს მიაჩვევთ ტელეფონით დამშვიდებას, ხელს შეუშლით მას ისწავლოს და განივითაროს თვითკონტროლი, ემოციების მართვა.
· იყავით მაგალითი - ბავშვები ყველაფერში მშობლებს ბაძავენ, სწავლობენ და იმეორებენ მათ ქცევებს. ამიტომ, პირველ რიგში, თქვენ აკონტროლეთ საკუთარითავი; თავად შეზღუდეთეკრანთან გატარებული დრო.
· გახსოვდეთ პირისპირ ურთიერთობის ფასი - მცირეწლოვანი ბავშვები ყველაზე კარგად სწავლობენ პირისპირ ურთიერთობით, საუბრით.
· გააფრთხილეთ ბავშვები ეკრანებისა და ინტერნეტის გამოყენებასთან დაკავშირებულ რისკებზე. ასწავლეთ, როგორ აირიდოს თავიდან გართულებები.
ციფრული ტექნოლოგიები არის კაცობრიობის ის მიღწევა, რომელიც ადამიანმა შეიძლება გამოიყენოს როგორც თავის საზიანოდ და გასანადგურებლად, ისე სასარგებლოდ და გასავითარებლად. აუცილებელია დასაწყისშივე მივაჩვიოთ საკუთარი თავიც და ბავშვებიც ტექნიკის გამოყენების წესებს, ზომიერებას და ამით დავიცვათ ისინი შესაძლო გართულებებისაგან.