ბრწყინვალე აღდგომის შემდგომ საზეიმო დღეებს კიდევ ერთი სამაისო დღესასწაული შეემატა, ეს არის 17 მაისი – ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღე. ამ დღის აღნიშვნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ შარშან დაადგინა. ხოლო ორი წლის წინ 16 მაისი ჩვენმა ეკლესიამ აწყურის ღვთისმშობლის ხატის დღედ გამოაცხადა. ოჯახის სიწმინდის დღეს იმართება სახალხო მსვლელობა ჩვენს ქალაქში. მორწმუნენი იკრიბებიან სასულიერო პირებთან ერთად და თბილისის სხვადასხვა უბანში ერთდროულად აღესრულება ღვთისმშობლის სავედრებელი პარაკლისი. განსაკუთრებით, აწყურის ხატს ვავედრებთ საქართველოს მთლიანობას. შემდეგ ხატებით, ჯვრებითა და ბაიარაღებით აღჭურვილი ხალხი ლოცვით მიემართება ქალაქის ქუჩებში. ბოლოს მთელი საზოგადოება თავს სამების საკათედრო ტაძარში იყრის, სადაც მათ თავად მისი უწმინდესობა ელოდება. ტაძარში ყველა ერთად შესთხოვს დედა ღვთისმშობელს, რათა დაიფაროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ოჯახები. ოჯახი, ხომ, სახელმწიფოს, საზოგადოების მთავარი ქვაკუთხედია.
შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი პატრიარქის ამ ინიციატივმაც, მის სხვა წამოწყებათა მსგავსად, გაამართლა. ვინაიდან ჩვენს სულიერ მამას ერის მაჯისცემაზე უდევს ხელი, ესმის ხალხის გულის ხმა, იცის, რა სტკივა ქვეყანას. ოჯახის სიწმინდის დღე სახალხო დღესასწაულად, დღეცხოვლად იქცა, ამიტომაც რამდენიმე ადგილას კონცერტებიც გაიმართა.
დღევანდელი სახალხო დღესასწაული ჩვენი ხმამაღალი განაცხადია – საქართველო მუდამ ქრისტეს მცნებათა ერთგული იქნება, ვერაფერი დაემუქრება ჩვენი ოჯახების სიძლიერეს, ძალად თავსმოხვეული ბოროტი ყლორტი დასაყრდენს ჩვენში ვერ მოიძიებს. ოჯახის სიწმინდის დღეს ყველას გვახსოვს, თუ რა ძალა აქცს ერისა და ბერის ლოცვით მსვლელობას – ყოველგვარი განსაცდელი ისე განქარდება, როგორც იერიქონის დაქცეული კედლები.
ყველას გილოცავთ ოჯახის სიწმინდისა და სიძლიერის დღეს, დედა ღვთისმშობელმა გადააფაროს კალთა ჩვენს ოჯახებს!
2014
წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდა. ამ დღეს ყველა მოქმედ ტაძარში, 12 საათზე, აღევლინება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი, შემდეგ კი ეკლესიების მიმდებარე ტერიტორიების და ქუჩების კურთხევა ხდება. ამ დღესთან დაკავშირებით საზოგადოების ნაწილი ხატებით მსვლელობას მართავს.
წელსაც, 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს, თბილისში გაიმართა სახალხო მსვლელობა. რესპუბლიკის მოედანზე და ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასთან წმინდა სინოდის წევრები, მღვდელმსახურნი, მრევლი შეიკრიბნენ და სამების საკათედრო ტაძრისკენ გაემართნენ. მსვლელობაში მონაწილეობდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლებიც.
მშვიდობიანი მსვლელობა დასრულდა სამების საკათედრო ტაძარში, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ პარაკლისი გადაიხადა. საღამოს სამების ტაძრის ეზოში კონცერტი გაიმართა.
Комментариев нет:
Отправить комментарий