თემა-თამბაქოს ზეგავლენა ახალგაზრდებზე
რა ზიანს აყენებს თამბაქო ორგანიზმს
თამბაქოს მავნე გავლენა ორგანიზმზე
საყოველთაოდ ცნობილია, რომ თამბაქოს წევის პროცესში წარმოქმნილი ნივთიერებები მავნე ზეგავლენას ახდენს ადამიანის ყველა ორგანოზე და, შესაბამისად, ყველა სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაზე.
თამბაქოს კვამლის შესუნთქვისას ზიანდება კბილის მინანქარი, რაც იწვევს კარიესის გაჩენას, კბილები ყვითლდება, ხშირად ვითარდება სტომატიტი და გინგივიტი.
თამბაქოს წევა იწვევს სისხლძარღვულ ცვლილებებს. ნიკოტინის მოქმედების შედეგად ვიწროვდება სისხლძარღვები, მათ კედლებში წარმოქმნილი ტროფიკული ცვლილებები კი ხელს უწყობს ათეროსკლეროზისა და სისხლძარღვთა სისტემური დაავადების განვითარებას. ნიკოტინი ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც ადიდებს მიოკარდიუმის ინფარქტის, გულის კუნთის და ტვინის სისხლძარღვების დაავადების რისკს. კარდიოლოგთა მონაცემებით, თამბაქოს მწეველთა შორის მიოკარდიუმის ინფარქტით სიკვდილიანობა ორჯერ მეტია, ვიდრე არამწეველთა შორის.
გასაკვირი არ არის, რომ თამბაქოს მწეველებში მომატებულია სასუნთქი გზების დაავადებების – ქრონიკული ბრონქიტის, ბრონქული ასთმის, ბრონქოექტაზიისა და ემფიზემის სიხშირე; ბრონქებისა და ბრონქიოლების ლორწოვანი გარსის სისტემატური გაღიზიანება იწვევს მათ ქრონიკულ დაავადებებს, რაცზოგჯერ მთავრდება ბრონქული ასთმის ჩამოყალიბებით. სამრეწველო საწარმოების გამონაყოფებით და ავტოტრანსპორტის მიერ გამონაბოლქვი აირებით დაბინძურებული ატმოსფერული ჰაერის და ბოლის ერთდროული შესუნთქვაც, ცხადია, კიდევ უფრო ზრდის სასუნთქი სისქემის დაავადებათა სიხშირეს.
თამბაქოს წევის ერთ-ერთი ყველაზე საშიში შედეგია ფილტვის კიბოთი დაავადება. არსებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ფილტვის კიბოს დაავადების საშიშროება თამბაქოს მწეველთა შორის ოცჯერ მეტია, ვიდრე არამწეველებში. ფილტვის კიბოს გამომწვევ მიზეზად მიჩნეულია ნიკოტინის ფისში ე.წ. კანცეროგენული (კიბოს გამომწვევი) ნივთიერებისა და რადიაქტიური ელემენტის – პოლონიუმის შემცველობა.
დადგენილია, რომ მწეველთა შორის ტუბერკულოზით დაავადებულთა რიცხვი თითქმის ორჯერ მეტია. მოზრდილთა შორის ტუბერკულოზით დაავადებულთა 95%
მწეველები არიან.
ნიკოტინი ნაადრევად უკარგავს მადას ადამიანს, ხელს უწყობს საჭმლის მონელების მოშლას, ვითარდება ვეგეტატიური დარღვევები – ძლიერდება კუჭის სეკრეცია, მკვეთრად მატულობს კუჭისა და ნაწლავების კატარული მდგომარეობისა და წყლულის განვითარებისათვის. თამბაქოს მწეველებში კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება
2-3-ჯერ უფრო ხშირია.
ნიკოტინი უარყოფით გავლენას ახდენს სასქესო ჯირკვლებზეც. იგი ხელს უწყობს სქესობრივ უძლურებას. ნიკოტინით ინტოქსიკაციის შეწყვეტა განაპირობებს სქესობრივი ფუნქციის აღდგენას.
მწეველები და გარემო
თამბაქოს წევა მავნეა არა მარტო მწეველისათვის, არამედ იმათთვისაც, ვინც მწეველებთან ერთად შენობაში იმყოფება და თამბაქოს კვამლით მოწამლული ჰაერით სუნთქავს. ყოველწლიურად ასობით არამწეველი იღუპება თამბაქოს მოწამლული ჰაერის მათ ორგანიზმში მოხვედრის გამო. მათი უმრავლესობაა ბავშვები და მოზარდები. მწეველები დიდ ზიანს აყენებენ თავიანთი ოჯახის წევრებს, მეგობრებს და თანამშრომლებს.
ადამიანს, რომელიც სუნთქავს თამბაქოს ბოლით დაბინძურებულ ჰაერს, – პასიური მწეველი ეწოდება. პასიური მოწევა საფრთხეს უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობას. გამოთვლილია, რომ წელიწადში თითქმის 50
000 არამწეველი იღუპება პასიური წევისაგან გამოწვეული შედეგების გამო. არამწეველთა შორის პასიური მოწევა ყველაზე ძალიან მოქმედებს ბავშვებზე, მოზარდებზე და იმ პირებზე, რომელთაც აქვთ ასთმა, ემფიზემა, გულის დაავადებები თუ სხვა სერიოზული დაავადებები.
პასიური მწეველი სუნთქავს ორი ტიპის ბოლს: პირდაპირი და გვერდითი გამონაბოლქვი.
პირდაპირი არის ის გამონაბოლქვი, რომელსაც უშვებს ანთებული სიგარეტი; ხოლო გვერდითი, – რომელსაც ამოისუნთქავს მწეველი სიგარეტის მოწევის დროს.
გვერდითი ბოლი შეიცავს ორჯერ მეტ ნიკოტინს და ხუთჯერ მეტ კარბონმონოქსიდს, ვიდრე პირდაპირი ბოლი. აგრეთვე მის შემადგენლობაში უფრო მეტია სხვა მომწამლავი ნივთიერებებიც.
ამერიკის შეერთებული შტატების 30-ზე მეტ შტატში აკრძალულია სიგარეტის მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.
ნიკოტინის “მცირე რაოდენობის” შემცველი სიგარეტები
იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანის ჯანმრთელობაზე სიგარეტის მოწევის მავნე გავლენის შესახებ ფართოდ გახდა ცნობილი, თამბაქოს კომპანიებმა დაიწყეს ნიკოტინის “მცირე რაოდენობის” შემცველი სიგარეტების გამოშვება. თვლიდნენ რომ ისინი ჩვეულებრივ სიგარეტთან შედარებით უფრო უსაფრთხოა, მაგრამ ეს ასე არ არის. ამ სიგარეტის ფილტრით მცირდება მხოლოდ ადამიანის ორგანიზმში შემავალი ბოლის და არა ნიკოტინისა თუ კარბონატის მონოქსიდის რაოდენობა.
გამოკვლევებმა გვიჩვენა, რომ ნიკოტინის “მცირე რაოდენობის” შემცველი სიგარეტების მოწევა არ ამცირებს ისეთი დაავადებების განვითარების რისკს, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა და ფილტვის ქრონიკული დაავადებები, პირის ღრუს სიმსივნეები და სხვა.
რატომ უნდა დაანებოთ თავი სიგარეტს?
მსოფლიოში, ყოველწლიურად, თამბაქოს მოწევას თავს ანებებს მილიონობით ადამიანი. მწეველთა უმრავლესობისათვის ეს პროცესი ადვილი არ არის, რადგან მათი ორგანიზმი შეჩვეულია ნიკოტინს. მიღების შეწყვეტის შემდეგ მათ უწევთ გაიარონ რთული ფიზიკური და ფსიქოლოგიური გარდამავალი პერიოდი, სანამ თავს იგრძნობენ ისევე კომფორტაბელურად, როგორც გრძნობენ არამწეველები.
თუ ადამიანს სურს თავი დაანებოს სიგარეტის წევის ამ მავნე ჩვევას, მან პირველ რიგში უნდა გააცნობიეროს, თუ რა დადებითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს თან ამ ფაქტს.
ადამიანი თავს დაანებებს თუ არა სიგარეტის მოწევას, მაშინვე იწყება ორგანიზმის გაწმენდის პროცესი. პირველი 24 საათის განმავლობაში ნიკოტინისა და კარბონატის მონოქსიდის დონე სისხლძარღვებში სწრაფად ეცემა. ნიკოტინის განმეორებითი დოზების მიუღებლობის შემთხვევაში გულისცემა რეგულირდება და სისხლის წნევა მცირდება. იმის გამო, რომ კარბონმონოქსიდი აღარ ხვდება ორგანიზმში, სისხლძარღვებში მატულობს ჟანგბადის შემცველობა. ორი-სამი დღის შემდეგ ნიკოტინის დიდი ნაწილი გამოიდევნება ორგანიზმიდან.
რამდენიმე დღის შემდეგ მცირდება მწეველის ქრონიკული ხველება, რამდენიმე კვირაში კი სულ ქრება. ადამიანს ფილტვები უსუფთავდება და სუნთქვა უადვილდება.
თამბაქოს წევის დანებების ორი წლის შემდეგ ყოფილი მწეველისათვის გულისა და ფილტვების დაავადებების განვითარებისა რისკი იგივეა რაც არამწეველთათვის.
რაც შეეხება ამ პროცესის სხვა დადებით მხარეებს, – სიგარეტის თავის დანებების შემდეგ ადამიანს უქრება პირის ღრუში უსიამოვნო გემო, უმჯობესდება ყნოსვა, ძილი უფრო მშვიდი აქვთ და გაღვიძებისას კარგად გრძნობენ თავს. თამბაქოს გამო ადამიანს კბილები და ხელის თითები გაყვითლებული აქვს.
თამბაქოს წევის დანებება აუმჯობესებს ადამიანის გამომეტყველებას, სისხლძარღვების ცირკულაციას მოწესრიგების გამო კანი უფრო ჯანმრთელად გამოიყურება. მისი სუნთქვა და ტანსაცმელი უფრო ჯანსაღია.
სიგარეტის მოწევის თავის დანებება ყველა პირობებში ძალიან ძნელია. სიგარეტის მოწევას თავს ვერ დაანებებთ, თუ არ იცით ეს როგორ გააკეთოთ. ამისათვის არ არსებობს რამე საუკეთესო გზა. ზოგი ადამიანი სიგარეტს თავს ანებებს უეცრად და, როგორც ამბობენ, ეს ყველაზე ეფექტური გზაა. ამ პროცესისათვის დამახასიათებელი სიმპტომები, მართალია, მეტი ინტენსიურობით იჩენს თავს, მაგრამ მალე ქრება. ზოგი ამჯობინებს სიგარეტის მოწევას თავი დაანებოს თანდათანობით. ასეთ დროს ამ პროცესისათვის დამახასიათებელი სიმპტომები ნაკლებად აწუხებს მას, მაგრამ სამაგიეროდ უფრო დიდი ხნის განმავლობაში.
თუ თქვენ სცადეთ დაანებოთ თავი სიგარეტის მოწევას და არაფერი გამოგივიდათ, არ შეშინდეთ, სცადეთ კიდევ ერთხელ, რადგან ბოლოს და ბოლოს აუცილებლად მიაღწევთ მიზანს.
რამდენიმე წესი იმისათვის, თუ როგორ დაანებოთ თავი სიგარეტის მოწევას:
დანიშნეთ ამისათვის ზუსტი დღე. უმჯობესია რომ ეს დღე იყოს უახლოეს მომავალში;
სანამ მოწევას თავს დაანებებთ, აღნიშნეთ რა სიხშირითეწევით და უფრო ხშირად რა საქმიანობის დროს;
ჩამოთვალეთ მიზეზები, თუ რატომ გინდათ დაანებოთ თავი სიგარეტს;
უთხარით ყველას, რომ სიგარეტის მოწევას თავს ანებებთ, არ დამალოთ, სთხოვეს თქვენი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ყოველნაირად ხელი შეგიწყონ, დაგეხმარონ;
სიგარეტის მოწევას დაანებეთ თავი ზუსტად თქვენს მიერ დანიშნულ დღეს. აღარ შეინახოთ სიგარეტი სახლში და ეცადეთ უარი თქვათ სხვის მიერ შემოთავაზებულ ერთ ღერზეც კი;
მოახდინეთ თქვენი ყურადღებისა და ძალების მობილიზაცია, რომ მიმდინარე დღეს არ მოსწიოთ სიგარეტი, ნუ ინერვიულებთ ხვალინდელ დღეზე ან მომავალ კვირაზე;
უმჯობესია დაკავდეთ ისეთი საქმიანობით, რომლის დროსაც სიგარეტის მოწევა არ გაგახსენდებათ ან, თუ ძალიან გაგიჭირდებათ მიიღეთ შხაპი ან იცურავეთ, რადგან ამ დროს ფიზიკურად ვერ შეძლებთ მოწევას;
დააჯილდოვეთ თქვენი თავი: იმ ფულით, რაც დაზოგეთ სიგარეტის თავის დანებების გამო, იყიდეთ თქვენთვის რაიმე სასიამოვნო ან დააგროვეთ ფული სასურველი მოგზაურობისათვის;
Комментариев нет:
Отправить комментарий